Saturday, November 11, 2017

პირველი გასვლითი შეხვედრა სადახლოში

სსიპ ქ. მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ბავშვთა უფლებების კლუბმა “ბავშვები ბავშვებისთვის”, რომელიც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებშია ორგანიზებული, გასვლითი შეხვედრები დაიწყო.
დღეს გაიმართა პირველი შეხვედრა თანატოლებთან, სადახლოს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. პირველ საათზე უკვე მათთან ვიყავით. დირექტორმა თბილად მიგვიღო და წარგვადგინა ჩვენი კლუბის წევრების შესახვედრად მოსულ სადახლოელ მოსწავლეებთან.
ყველას გვაწუხებდა შეკითხვები: ხომ არ ინერვიულებენ ჩვენი კლუბის პრეზენტატორები თანატოლებთან წარდგენისას? ხომ არ დაიბნეოდნენ აუდიტორიიდან დასმული შეკითხვების დროს? რამდენად ექნებოდათ სიღრმისეულად გააზრებული ის საკითხები რომლებზეც აპირებდნენ საუბარს?! ვღელავდით...
ბოლო კადრები გავიხსენოთ: ბავშვები საუბრობენ, სვამენ შეკითხვებს, გამოთქვამენ ვარაუდებს, აფიქსირებენ მოსაზრებებს. ზოგჯერ გვეჩვენება კიდეც, ზედმეტი სითამამის გამო არასწორად არ იყოს ინტერპრეტირებული ჩვენი მესიჯები. ჩვენ ხომ ისეთ საკითხებს ვეხებით, რომელთა არასწორი გაგება, შესაძლოა გარკვეული სირთულეების გამომწვევიც იყოს. მაგრამ ყველაფერი ისე იყო აღქმული და გაგებული, როგორც უნდა ყოფილიყო. მოკლედ, ყველაფერი პოზიტიურად, შინაარსიანად და საკმაოდ ეფექტურად დამთავრდა.
ამ შედეგში თავისი როლი ითამაშა დამხვედრი სადახლოელი მოსწავლების ინტერესმა, კეთილგანწყობამ და დამოკიდებულებამ. მართალია, დასაწყისში ცოტა შებოჭილები იყვნენ და ერიდებოდათ საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა, მერე თანდათან გაიხსნენ და ფრიად საინტერესო შეხედულებებიც გაგვიზიარეს. მსმენელებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენ მიერ გადაღებულმა ფილმმა.
ვისაუბრეთ ჩვენს სამიზნე თემატიკაზე: ბავშვთა უფლებები, ბავშვთა შრომა. კვლავ გახმოვანდა ჩვენი საკვანძო პრინციპები:
• ბავშვებს ხელი არ უნდა ეშლებოდეს განათლების მიღებაში.
• სიღარიბის დამარცხება ვერ ხერხდება ბავშვების განთლების ნაცვლად მათი შრომით საქმიანობაში ჩართვით. პირიქით, ეს მიდგომა ახანგრძლივებს სიღარიბესა და გაჭირვებას.
• ჩვენი მთავარი მიღწევა იქნება, თუ ჩვენ და ჩვენი თანატოლები - მომავალი მშობლები, ეფექტურ სივრცეს შევუქმნით ჩვენს შვილებს თვითგანვითარებისა და სრულფასოვანი რეალიზებისთვის.

პრეზენტატორები
პროექტის მართვის ჯგუფი გაკვირვებულები დავრჩით, იმდენად ეფექტური და სამაგალითო გამოდგა ჩვენი პრეზენტატორების გამოსვლა, ქცევები, მეტყველება. კუთვნილი შექება დაიმსახურეს აისელ ალიოღლიმ, სევილ ალახვერდიევამ, აისუნ ნურმამედოვამ, ზაქარია მამედოვმა. შეხვედრის შეხვედრების შემდეგ ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი ემოციები, შთაბეჭდილებები. აქვე შევთანხმდით, რომ შემდეგ შეხვედრაზე პრეზენტატორები როტაციის პრინციპით შეიცვლებიან.
შემდეგი შეხვედრა შაუმიანელ მოსწავლეებთან გველოდება. დარწმუნებულები ვართ, იქიდანაც სასიამოვნო და სასარგებლო შთაბეჭდილებებით დავბრუნდებით.
➡️სკოლა პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტს - "სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)" ფარგლებში.

პატივისცემით,
პროექტის "ბავშვები ბავშვებისთვის" მართვის ჯგუფი

2 comments:

  1. თვალს ვადევნებ თქვენს აქტივობებს და ძალიან მომწონს. მეტი წარმატება თქვენ, მარნეულის N2 სკოლის ბავშვებო!

    ReplyDelete
  2. საამაყო გუნდი <3

    ReplyDelete